Ბიბლია 2013
|
| 1 |
| და აჰა, მცნებები, წესები და კანონები, რომლთა სწავლაც გიბრძანათ უფალმა, თქვენმა ღმერთმა, რათა დაიცვათ იმ ქვეყანაში, რომლის დასამკვიდრებლადაც მიდიხართ. |
| 2 |
| რათა გეშინოდეთ უფლისა, თქვენი ღმერთისა, რომ დაიცვათ ყველა მისი წესი და მისი მცნება, რომელთაც მე გაუწყებთ თქვენ და თქვენს შვილებს, და თქვენს შვილიშვილებს, მთელი თქვენი სიცოცხლის მანძილზე, რათა იდღეგრძელოთ. |
| 3 |
| მაშ ისმინე, ისრაელ, და მტკიცედ დაიცავი ეს ყოველივე შესასრულებლად, რათა კარგად იყო, და ძლიერ გამრავლდე, როგორც გითხრა უფალმა, შენი მამების ღმერთმა, რომ მოგცემო იმ ქვეყანას, სადაც მოედინებაო რძე და თაფლი. |
| 4 |
| ისმინე, ისრაელ! ერთია უფალი, უფალი ჩვენი ღმერთი! |
| 5 |
| და შეიყვარე უფალი, ღმერთი შენი, მთელი შენი გულითა და სულით, და მთელი შენი ძალით. |
| 6 |
| და იყოს ეს სიტყვები შენს გულში, რომელთაც მე გიბრძანებ დღეს. |
| 7 |
| ჩაუნერგე ისინი შენს ძეთ და მუდამ ელაპარაკე მათზე შინა ხარ თუ გარეთ, წევხარ, თუ დგახარ. |
| 8 |
| და ნიშნად შეიბი ისინი მაჯაზე, და შუბლსაკრავით ატარე, |
| 9 |
| და დააწერე ისინი შენი სახლის კარის წირთხლებსა და შენს კარიბჭეებს. |
| 10 |
| და როცა შეგიყვანს უფალი, შენი ღმერთი, იმ ქვეყანაში, რომლის გამოც შეჰფიცა შენს მამებს: აბრაამს, ისააკსა და იაკობს, რომ შენ მოგცემდა დიდ და კარგ ქალაქებს, რომლებიც შენ არ აგიშენებია, |
| 11 |
| და ყოველნაირი სიკეთით სავსე სახლებს, რომლებიც შენ არ აგივსია დოვლათით, და ჭებს, რომლებიც შენ არ ამოგითხრია, ბაღ-ვენახებსა და ზეთისხილის ჭალებს, რომლებიც შენ არ გაგიშენებია. და შეჭამ იქ ძღომაზე, |
| 12 |
| გაფრთხილდი, რათა არ დაივიწყო უფალი, რომელმაც გამოგიყვანა ეგვიპტის ქვეყნიდან, მონობის სახლიდან. |
| 13 |
| გეშინოდეს უფლისა, შენი ღმერთისა, და მას ემსახურე, და მისი სახელით ფიცულობდე. |
| 14 |
| არ მიჰყვე უცხო ღმერთების კვალს, იმ ხალხების ღმერთებისა, რომლებიც თქვენს ირგვლივ სახლობენ, |
| 15 |
| რადგან უფალი, შენი ღმერთი, შურისმგებელი ღმერთია; არ აღეგზნოს მისი, რისხვა შენზე და არ აღგგავოს მიწის პირისაგან. |
| 16 |
| არ გამოსცადოთ უფალი, თქვენი ღმერთი, როგორც გამოსცადეთ იგი მასაში. |
| 17 |
| მტკიცედ დაიცავით უფლის, თქვენი ღმერთის, მცნებები, მისი მოწმობანი და მისი წესები, რაც გიბრძანათ თქვენ. |
| 18 |
| და სწორად და კეთილად მოიქეცით უფლის თვალში, რათა კარგად იყოთ, რომ მიხვიდეთ და დაიმკვიდროთ კარგი ქვეყანა, რომელიც ფიცით აღუთქვა უფალმა თქვენს მამებს, |
| 19 |
| რომ განდევნოს მთელი თქვენი მტრები თქვენი პირისაგან, როგორც ნათქვამი აქვს უფალს. |
| 20 |
| თუ შეგეკითხება ხვალ შენი ძე და გეტყვის: „რა არის ეს მოწმობანი, წესები და კანონები, რაც გიბრძანათ თქვენ უფალმა, ჩვენმა ღმერთმა“ – |
| 21 |
| ასე უპასუხე: „ფარაონის მონები ვიყავით ეგვიპტეში, და უფალმა გამოგვიყვანა ეგვიპტიდან ძლიერი ხელით. |
| 22 |
| მოუვლინა უფალმა დიდი და საშინელი ნიშნები და სასწაულები და განსაცდელები ეგვიპტეს, ფარაონსა და მთელ მის სახლს ჩვენს თვალწინ. |
| 23 |
| და ჩვენ გამოგვიყვანა იქიდან, რათა აქ მოვეყვანეთ, რომ მოეცა ჩვენთვის ქვეყანა, რომელიც ფიცით აღუთქვა ჩვენს მამებს. |
| 24 |
| და გვიბრძანა აღსრულება ყველა იმ წესისა, რათა გვეშინოდეს უფლისა, ჩვენი ღმერთისა, კარგად ვიყოთ დღენიადაგ, რომ ცოცხალი დავრჩეთ, როგორც ამ დღესა ვართ. |
| 25 |
| და ჩვენ ჩაგვეთვლება სიმართლედ, თუ დავიცავთ შესასრულებლად ყველა ამ მცნებას უფლის, ჩვენი ღმერთის, წინაშე, როგორც მან გვიბრძანა.“ |
|
| Შენახვა Შენიშვნები |
https://beblia.bible:81/BibleAudio/georgian2012/deuteronomy/006.mp3
34
6