როცა მიგიყვანს უფალი, შენი ღმერთი, იმ ქვეყანაში, რომლის დასამკვიდრებლადაც მიდიხარ, განდევნის მრავალრიცხოვან ხალხებს თქვენი პირისაგან – ხეთელებს და გირგაშელებს, ამორეველებსა და ქანაანელებს, ფერიზელებს, ხიველებს და იებუსელებს, შვიდ ხალხს, შენზე მრავალრიცხოვანს და ძლიერს,
რადგან წმიდა ხალხი ხარ შენ უფლისათვის, შენი ღმერთისათვის. შენ ამოგირჩია უფალმა, შენმა ღმერთმა, რომ იყოთ მისთვის უნჯ ხალხად ყველა ხალხთაგან, რომელნიც დედამიწის ზურგზე არსებობენ.
არამედ, თქვენდამი უფლის სიყვარულის გამო და იმისათვის, რომ დაეცვა ფიცი, რომელიც შეჰფიცა თქვენს მამებს, გამოგიყვანათ უფალმა თქვენ ძლიერი ხელით და გიხსნათ მონობის სახლიდან, ფარაონის, ეგვიპტის მეფის, ხელიდან.
იცოდე, რომ უფალი, შენი ღმერთი, არის ღმერთი, ღმერთი მტკიცე, რომელიც იცავს აღთქმას და წყალობას თავის მოყვარულთათვის და თავის მცნებათა დამცველთათვის ათას თაობამდე.
და შეგიყვარებს, და გაკურთხებს, და გაგამრავლებს, და გიკურთხებს მუცლის ნაყოფს და მიწის ნაყოფს, მარცვლეულს და ღვინოს, და ზეთს; მსხვილფეხა პირუტყვის მონაგებს და წვრილფეხა პირუტყვის მონაგებს ქვეყანაზე, რომელიც თქვენთვის მოსაცემად შეჰფიცა თქვენს მამებს.
და შთანთქავ ყველა ხალხს, რომელსაც უფალი, შენი ღმერთი, გაძლევს. არ დაინდოს შენმა თვალმა ისინი. და არ ემსახურო მათ ღმერთებს, რადგან მახე იქნება ეს შენთვის.
ის დიდი განსაცდელნი, რომელნიც იხილეს შენმა თვალებმა, და ნიშნები და სასწაულები, და ძლიერი ხელი და გაწვდილი მკლავი, რომლითაც გამოგიყვანა შენ უფალმა, შენმა ღმერთმა. ასევე გაუკეთებს უფალი, შენი ღმერთი, ყველა ხალხს, რომლისაც გეშინია.
მათი ღმერთების ქანდაკებანი დაწვით ცეცხლში. ნუ ისურვებ წასაღებად, ვერცხლსა და ოქროს, ზედ რომ აქვთ, თორემ მახეში გაებმები, რადგან ეს სისაძაგლეა უფლისათვის, შენი ღმერთისათვის.