და გაგზავნა იესო ნავეს ძემ შიტიმიდან ფარულად ორი მსტოვარი და უთხრა: „წადით, დაზვერეთ ქვეყანა და იერიხო.“ და წავიდნენ ისინი, და მივიდნენ ერთი მეძავის, სახელად რახაბის, სახლში და ღამე იქ გაათიეს.
და შეუთვალა იერიხოს მეფემ რახაბს: „გამოიყვანე კაცები, შენთან რომ მოვიდნენ და შენს სახლში რომ შემოვიდნენ, რადგან ჩვენი ქვეყნის დასაზვერად არიან მოსულნი.“
რადგან გვსმენია, თუ როგორ დააშრო უფალმა მეწამული ზღვის წყლები თქვენს წინაშე, როცა ეგვიპტიდან გამოდიოდით, და რა უყავით ამორეველთა ორ მეფეს, სიხონს და ყოგს, იორდანეს გაღმელებს, რომელთაც მუსრი გაავლეთ.
და უთხრეს ამ კაცებმა: „ჩვენი სული თქვენ მაგიერ მიეცეს მოსაკლავად, თუ არ გათქვამ ამ ჩვენს ამბავს, და როცა მოგვცემს უფალი ჩვენ ამ ქვეყანას, წყალობითა და ერთგულებით მოგექცეით.“
აჰა, როცა თქვენს ქვეყანაში შემოვალთ, ეს მეწამული თოკი, რომლითაც ძირს ჩაგვიშვი, სარკმელს გამოაბი. და მამაშენი და დედაშენი და შენი ძმები და მთელი შენი მამის სახლი შეკრიბე შენთან სახლში.
და ყველა, ვინც გამოვა შენი სახლის კარიდან გარეთ, მისი სისხლი მის თავზე იყოს, და ჩვენ კი თავისუფალნი ვიქნებით. და ყველა, ვინც იქნება შენთან, შენს სახლში, მისი სისხლი ჩვენს თავზე იყოს, თუ ვისიმე ხელი შეეხოს მას.