და ამოვიდა უფლის ანგელოზი გილგალიდან ბოქიმში და თქვა: „ამოგიყვანეთ თქვენ ეგვიპტიდან და მოგიყვანეთ ამ ქვეყანაში, რომელიც თქვენს მამებს ფიცით შევფიცე და ვთქვი: ‘არ დავარღვევ თქვენთან დადებულ ჩემს აღთქმას უკუნისამდე,
მაშინ უფალს ემსახურებოდა ხალხი იესოს მთელი სიცოცხლის მანძილზე და უხუცესთა მთელი სიცოცხლის მანძილზე, რომელნიც იესოს მერე ცხოვრობდნენ და რომელთაც ნანახი ჰქონდათ უფლის დიადი საქმე, რაც მან ისრაელისათვის მოიმოქმედა.
მიატოვეს უფალი, თავიანთი მამების ღმერთი, რომელმაც ეგვიპტის ქვეყნიდან გამოიყვანა ისინი, და გაჰყვნენ ისინი სხვა ღმერთებს, იმ ხალხების ღმერთებს, მათ ირგვლივ რომ იყვნენ, და თაყვანს სცემდნენ მათ, და აჯავრებდნენ უფალს;
და აღიგზნო რისხვა უფლისა ისრაელზე, და მძარცველთა ხელში ჩაჰყარა ისინი და ძარცვეს ისინი; და შემდეგ მტრების ხელში ჩაჰყარა, გარს რომ ერტყნენ, და წინ ვერ აღუდგნენ თავიანთ მტრებს.
ყველგან, სადაც კი გავიდოდნენ, უფლის ხელი წარმართავდა მათ საბოროტოდ, როგორც უთხრა მათ უფალმა და როგორც დაუფიცა მათ უფალმა. და დიდად შევიწროვებულნი იყვნენ ისინი.
მაგრამ თავიანთი მსაჯულებისაც არ ისმინეს, რადგან მრუშობდნენ სხვა ღმერთების კვალდაკვალ და თაყვანს სცემდნენ მათ; მალევე გადაუხვიეს იმ გზას, რომლითაც დადიოდნენ მათი მამები, უფლის მცნებათა მოსასმენად. და ესინი ასე არ იქცეოდნენ.
და როცა უფალი მსაჯულებს აღუდგენდა ხოლმე მათ, უფალი იყო მსაჯულთან, და მათ იხსნიდა მათი მტრების ხელიდან მსაჯულის მთელი სიცოცხლის მანძილზე, რადგან ებრალებოდა ისინი უფალს მათი კვნესის გამო მათი მჩაგვრელებისა და მათი შემაჭირვებლების ხელში.
მაგრამ როგორც კი მოკვდებოდა მსაჯული, თავიანთ მამებზე უარესად იქცეოდნენ, მიჰყვებოდნენ სხვა ღმერთების კვალს, ემსახურებოდნენ და თაყვანს სცემდნენ მათ; არ ეშვებოდნენ თავიანთ ბოროტ საქმეებს, თავს არ ანებებდნენ ურჩობის გზას.