რადგან ამოდიოდნენ თავიანთი ჯოგებითა და კარვებით. მოდიოდნენ კალიასავით ურიცხვნი, და მათ და მათ აქლემებს თვლა აღარ ჰქონდა. და მიდიოდნენ ისრაელის ქვეყანაში მის გასაჩანაგებლად.
მოუვლინა უფალმა წინასწარმეტყველი კაცი ისრაელის ძეთ, რომელმაც უთხრა მათ: „ასე ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი: ‘მე გამოგიყვანეთ თქვენ ეგვიპტიდან და გამოგიყვანეთ თქვენ მონობის სახლიდან;
და მოვიდა უფლის ანგელოზი, და დაჯდა ყოფრაში, მუხის ქვეშ, რომელიც ეკუთვნოდა იოაშს, აბიყეზერის შთამომავალს; და გედეონი, მისი ვაჟი, ხორბალს ცეხვავდა საწნახელში, რათა გადაემალა მიდიანელთაგან.
და უთხრა მას გედეონმა: „ბატონო ჩემო! უფალი რომ ჩვენთან ყოფილიყო, ყოველივე ეს რისთვის დაგვემრთებდა? აბა, სად არის ყველა მისი სასწაული, ჩვენი მამები რომ გვიყვებოდნენ: ‘ეგვიპტიდან გამოგვიყვანა უფალმა?’ და ახლა მიგვატოვა ჩვენ უფალმა და მიდიანის ხელში ჩაგვაგდო!“
და წავიდა გედეონი, და მოამზადა თიკანი და ერთი ეფა ფქვილის ხმიადები. ხორცი კალათში ჩააწყო, და წვენი ქილაში ჩაასხა და გამოუტანა მას მუხის ქვეშ, და მიართვა.
და გაიწოდა უფლის ანგელოზმა კვერთხის ბოლო, ხელში რომ ეჭირა, და შეახო ხორცსა და ხმიადებს; და ავარდა ცეცხლი კლდიდან, და შთანთქა ხორცი და ხმიადები; და უფლის ანგელოზი თვალს მიეფარა.
და იმ ღამეს უთხრა მას უფალმა: „წაიყვანე მოზვერი, მამაშენს რომ ჰყავს, და მეორე მოზვერი, შვიდწლიანი; და დაანგრიე სამსხვერპლო ბაყალისა, მამაშენს რომ აქვს, ხოლო აშერა, რომელიც მის გვერდითაა, აჩეხე.
და აუგე უფალს, შენს ღმერთს, სამსხვერპლო ამ კლდის თავზე თავისი წესით, და აიყვანე მეორე მოზვერი და აღუვლინე სრულადდასაწველად იმ აშერას ხით, რომელსაც აჩეხავ.“
და წაიყვანა გედეონმა ათი კაცი თავის მსახურთაგან, და ისე მოიქცა, როგორც უფალმა უთხრა; და რაკი თავის მამის სახლის და ქალაქის მკვიდრების შიში ჰქონდა, ვერ გაბედა, დღისით გაეკეთებინა, ამიტომ ღამით გააკეთა.
და ადგნენ დილით იმ ქალაქის მკვიდრნი და აჰა, ბაყალის სამსხვერპლო დანგრეულია და აშერა, მის გვერდით რომ იყო, აჩეხილი; მეორე მოზვერი კი ახლადაგებულ სამსხვერპლოზეა აღვლენილი სრულადდასაწველად.
და უთხრა იოაშმა ყველას, ვინც მას მიუხდა: „ნუთუ თქვენ უნდა გამოესარჩლოთ ბაყალს, ნუთუ თქვენ უნდა იხსნათ იგი? ვინც მას გამოესარჩლება, იგი განთიადამდე მოკვდება. თუ ღმერთია იგი, თავად გამოესარჩლოს თავის თავს, რადგან ვიღაცას დაუნგრევია მისი სამსხვერპლო.“
აჰა, მატყლის საწმისს გავშლი კალოზე: თუ ცვარი მხოლოდ საწმისზე იქნება, მთელი მიწა კი მშრალი, მაშინ გავიგებ, რომ ჩემი ხელით იხსნი ისრაელს, როგორც ამბობდი.“
და უთხრა გედეონმა ღმერთს: „ნუ აღიგზნება შენი რისხვა ჩემზე, თუ კიდევ ერთხელ გეტყვი, რომ მხოლოდ ერთხელ კიდევ გამოვცადო საწმისი: მხოლოდ საწმისი იყოს მშრალი და მთელ მიწაზე კი ცვარი იყოს.“