თვალს ნუ მოაშორებ ამ ყანას, რომელსაც მკიან. იარე მომკელთა კვალზე. ნაბრძანები მაქვს ბიჭებისათვის, არ დაგიშალონ, როცა მოგწყურდეს, მიდი წყლის ჭურჭლებთან და დალიე, საიდანაც ბიჭები იღებენ წყალს.“
და მიუგო ბოყაზმა და უთხრა მას: „ყველაფერი გაგებული მაქვს, რაც შენი დედამთილისათვის გააკეთე ქმრის სიკვდილის შემდეგ – მამაშენი, დედაშენი და შენი სამშობლო ქვეყანა რომ მიატოვე, და მოხვედი ხალხში, რომელსაც არ იცნობდი არც გუშინ და არც გუშინწინ.
და უთხრა მას ბოყაზმა: „მოდი და აქ ჭამე პური, და ლუკმა ამოაწე ძმარში.“ და დაჯდა რუთი მომკელთა გვერდით, და მიაწოდა მას ბოყაზმა ქუმელი. და მან ჭამა და დანაყრდა, და კიდეც დარჩა.
და ჰკითხა მას დედამთილმა: „სად ჰკრეფდი შენ დღეს და სად შრომობდი? კურთხეული იყოს, ვინც შენ მიგიღო!“ და უამბო დედამთილს, ვისთანაც შრომობდა და უთხრა: „იმ კაცს, ვისთანაც დღეს ვშრომობდი, ბოყაზი ჰქვია.“
და უთხრა ნაყომიმ თავის რძალს: „კურთხეული იყოს ის უფლისაგან, რადგან წყალობა არ მოაკლო ცოცხლებს და მკვდრებს.“ და უთხრა მას ნაყომიმ: „ის კაცი ჩვენი ახლობელია, ჩვენი სანათესაოდან არის.“