ილოცა ხანამ და თქვა: „გამხიარულდა ჩემი გული უფლის წყალობით და ღვთის წყალობით რქა ამიმაღლდა. გამეხსნა ბაგე მტრების წინააღმდეგ, რადგან გავიხარე შენი შეწევნით.
გლახაკს მტვრიდან წამოაყენებს, სანაგვიდან აღამაღლებს უპოვარს, რათა დიდებულთა გვერდით დასვას. ტახტს დიდებისას დაუმკვიდრებს, რადგან უფლისაა დედამიწის საფუძველნი და სამყარო მათზე დაამყარა.
უფალი შემუსრავს თავის წინააღმდგომთ და ციდან იგრგვინებს მათზე უფალი, განსჯის ქვეყნის კიდეებს და მისცემს ძალას თავის მეფეს, და თავის ცხებულს რქას აუმაღლებს.“
ჩაჰკრავდა ავაზანში, ან ქვაბში, ან კოჭობში, ან კარდალში და ყველაფერი, რაც ჩანგალს ამოჰყვებოდა, მღვდელს მიჰქონდა. ასე ექცეოდნენ მთელს ისრაელს, შილოში მიმსვლელს.
ძალზე მოხუცდა ყელი. ესმოდა ყველაფერი, როგორ ექცეოდნენ მისი შვილები მთელს ისრაელს, რომ წვებოდნენ იმ ქალებთან, ვინც საკრებულო კარვის კართან სამსახურს ეწეოდა.
ჩემთვის გამოვარჩიე იგი ისრაელის ყველა შტოდან ჩემს მღვდლად, რომ ასულიყო ჩემს სამსხვერპლოზე საკმევლის საკმევად, ჩემს წინაშე ეფოდის სატარებლად. მე განვუკუთვნე მამაშენის სახლს ისრაელის ძეთა მთელი საცეცხლო მსხვერპლი.
რატომ თელავთ ჩემს მსხვერპლს და შესაწირავს, ტაძრისთვის რომ დავაწესე? რატომ ამჯობინე ჩემს თავს შენი შვილები, რომ სუქდებით ისრაელის, ჩემი ერის, შესაწირავის საუკეთესო წილით?’
ამიტომ ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი: ნათქვამი მქონდა: უკუნისამდე ივლიან ჩემს წინაშე შენი სახლი და მამაშენის სახლი. ამიერიდან, – ამბობს უფალი, – არამც და არამც! რადგან ჩემს მადიდებელს განვადიდებ, ჩემი მოძულენი კი დამცირდებიან.
და მივა მასთან შენს სახლში დარჩენილი ვინმე და თაყვანს სცემს მას გროშისა და პურის ნატეხისათვის და ეტყვის: მომეცი სამღვდელო რამ ხარისხი, რომ ლუკმა პური ვჭამო.’“