და ყრმა იგი სამოველ იყო მსახურებად უფლისა წინაშე ელი მღდელისა და სიტყუაჲ უფლისა საძიებელ იყო მათ დღეთა შინა, რამეთუ არა იყო ჩუენებაჲ, არცა განცხადებაჲ წინასწარმეტყუელებათა.
და მირბიოდა სამოველ ელისა და ჰრქუა: რომლისათჳს მიწოდე მე? ჰრქუა მას ელიმ: არას გიწოდე შენ, მივედ და დაიძინე ადგილსავე შენსა, შვილო! და მივიდა სამოველ და დაიძინა ადგილსავე თჳსსა.
და შესძინა უფალმან წოდებად ყრმისა მის მეორედ და ჰრქუა: სამოველ, სამოველ! განჰკრთა სამოველ და მირბიოდა ელისაკე და ჰრქვა: რომლისათჳს მიწოდე მე? და რქუა მას ელიმ. არას გიწოდდი შენ, შვილო, მივედ და დაიძინე ადგილსავე თჳსსა.
და შესძინა უფალმან წოდებად სამოველისა მესამედ, და აღდგა სამოველ და მირბოდა ელისაკე და ჰრქუა: აქა ვარ! რაჲსა მიწოდე მე? და გულისჴმა-ყო ელიმ, ვითარმედ უფალი უწოდდა მას.
და რქუა მას: მოვედ და დაიძინე ადგილსავე შენსა, შვილო! და უკუეთუ შესძინოს წოდებად შენდა, რქვა მას, ვითარმედ: ისმენს მონა შენი, იტყოდე, უფალო. და წარვიდა სამოველ და დაიძინა ადგილსავე თჳსსა.
და მოვიდა უფალი და დაადგა მას ზედა და უწოდა მას, ვითარცა-იგი პირველად და რქუა: სამოველ, სამოველ! მიუგო სამოველ და ჰრქუა: იტყოდენ უფალი, რამეთუ ესმის მონასა შენსა.
და უთხრა მას: რამეთუ მოვიგო შური სახლისა ჩემისა სახლსა მისსა ზედა უკუნისამდე ჟამთა უსჯულოებათათჳს ძეთა მისთასა, რამეთუ ძჳრსა იტყოდეს ღმრთისათჳს ძენი მისნი და არა განსწავლნა.
დაიძინა სამოველ მუნვე ვიდრე ცისკრადმდე და აღიმსთო განთიად და განახუნა კარნი იგი ტაძრისანი. და ვერ იკადრა სამოველ თხრობად ელისა ჩუენებაჲ იგი, რამეთუ ეშინოდა, რომელი იხილა მისთჳს.
რქუა მას ელი: მითხარ მე სიტყუაჲ იგი, რომელი იყო შენდა მომართ ამას ღამესა, და ნუ დამიმალავ მე ერთსაცა სიტყუასა! ესე რაჲმე გიყავნ შენ უფალმან და ესე დაგირთენ, უკუეთუ დამიმალო ერთიცა სიტყუაჲ.
მაშინ უთხრა მას სამოველ ყოველი იგი სიტყუაჲ, რომელსა ეტყოდა უფალი და არა დაუმალა ერთიცა სიტყუაჲ. და თქუა ელი: აღასრულენ უფალმან ყოველივე, რაჲცა სათნო-უჩნს, რამეთუ იგი მხოლო უფალ არს.
აუწყა უფალმან სამოველს სელომს შინა, ოდეს გამოეცხადა უფალი სიტყჳსაებრ უფლისა. და სარწმუნო იყო სამოველ ყოველსა ზედა ისრაჱლსა კიდითგან ვიდრე კიდემდე ქუეყანისა. და ელი მოხუცებულ იყო ფრიად და ძენი მისნი ვიდოდეს გზასა უსჯულოებისათა წინაშე უფლისა.