ბანაკში რომ მოვიდა ხალხი, ისრაელის უხუცესებმა თქვეს: „რისთვის დაგვამარცხა დღეს უფალმა ფილისტიმელებთან? წამოვიღოთ შილოდან უფლის აღთქმის კიდობანი, იაროს ჩვენს შორის და გვიხსნას მტრების ხელიდან.“
გაგზავნა ხალხმა შილოში და მოიტანეს იქიდან ქერუბიმებზე მჯდარი ცაბაოთ უფლის აღთქმის კიდობანი. ყელის ორი ვაჟი: ხოფნი და ფინხასი ახლდა უფლის აღთქმის კიდობანს.
მოვიდა და აჰა, ზის ყელი თავის სკამზე გზის პირას და ელოდება, რადგან გული უთრთოდა ღვთის კიდობნის გამო. მოვიდა კაცი ამბის შესატყობინებლად ქალაქში და ღაღადყო მთელმა ქალაქმა.
მიუგო მაცნემ და უთხრა: „უკუექცა ისრაელი ფილისტიმელებს. სასტიკად დამარცხდა ხალხი, შენი ორი ვაჟიც, ხოფნი და ფინხასი, დაიხოცნენ და ღვთის კიდობანიც წაღებულია.“
როგორც კი ახსენა მან ღვთის კიდობანი, უკან გადაიქცა ყელი სკამიდან კარისკენ, კეფა გაუტყდა და მოკვდა, რადგან მოხუცებული იყო და მძიმე. ორმოც წელიწადს მსაჯულობდა იგი ისრაელში.
მისი რძალი, ფინხასის ცოლი, მოსალოგინებელი იყო, და როცა გაიგო ღვთის კიდობნის წაღების და თავისი მამამთილისა და ქმრის სიკვდილის ამბავი, მუხლებზე დავარდა და შვა, რადგან უწიეს მშობიარობის ტკივილებმა.